მალდივის კუნძულებთან მომხდარი შემზარავი ტრაგედიის ადგილიდან, სადაც 5 იტალიელი მყვინთავი დაიღუპა, მაშველებმა მსხვერპლთა სხეულებზე დამაგრებული ვიდეოკამერები (GoPro) ამოიღეს. ექსპერტები იმედოვნებენ, რომ კადრების გაშიფვრა საბოლოოდ მოჰფენს ნათელს იმას, თუ რა გახდა ელიტარული მყვინთავების სიკვდილის მიზეზი.
ინდოეთის ოკეანეში, ზვიგენებით სავსე წყლებში ჩატარებული ურთულესი სპეცოპერაცია დასრულებულია - მაშველებმა ხუთივე იტალიელი ტურისტის ცხედარი უკვე ამოასვენეს. ძებნის პროცესში ფინელი პროფესიონალი მყვინთავები იყვნენ ჩართულები, რომლებმაც ოკეანის ფსკერიდან ნაპოვნი კამერები სამართალდამცავებს უკვე გადასცეს.
ვინ არიან დაღუპულები?
ბოლო ეტაპზე მაშველებმა „ზვიგენების გამოქვაბულიდან“ 22 წლის ჯორჯია სომაკალისა და 31 წლის უნივერსიტეტის მკვლევრის, მურიელ ოდენინოს ცხედრები ამოიყვანეს. რამდენიმე დღით ადრე კი ნაპოვნი იქნა ჯორჯიას დედა - მონიკა მონტეფალკონე და საზღვაო ბიოლოგი ფედერიკო გუალტიერი. ჯგუფის ხელმძღვანელი, გამოცდილი ინსტრუქტორი და კატარღის კაპიტანი ჯანლუკა ბენედეტი კი პირველი იყო, ვისი ცხედარიც კატასტროფიდან მალევე იპოვეს.
რა გახდა ტრაგედიის მიზეზი? - ახალი ვერსია
სპეციალისტების აზრით, ექსპედიცია შესაძლოა გამოქვაბულის ვიწრო ლაბირინთებში წარმოქმნილმა მძლავრმა დინებამ ჩაითრია. წყლის წნევის მკვეთრმა ვარდნამ ერთგვარი ვაკუუმი შექმნა, საიდანაც თავის დაღწევას მყვინთავები ამაოდ ცდილობდნენ, სანამ ჟანგბადის მარაგი არ ამოეწურათ.
„აქ ორი სცენარია: ან დინებამ ერთდროულად ყველა ჩაითრია, ან ერთ-ერთი მათგანი აღმოჩნდა მახეში და დანარჩენები მის გადარჩენას შეეწირნენ,“ - აცხადებს იტალიის წყალქვეშა და ჰიპერბარიული მედიცინის საზოგადოების პრეზიდენტი ალფონსო ბოლონინი.
კიდევ ერთი მსხვერპლი სამაშველო ოპერაციის დროს
სამძებრო სამუშაოები თითქმის 60 მეტრის სიღრმეზე, სიცოცხლისთვის უკიდურესად სახიფათო პირობებში მიმდინარეობდა. ოპერაციას კიდევ ერთი მსხვერპლი მოჰყვა - მალდივის სამხედრო-საზღვაო ძალების მყვინთავი მუჰამედ მაჰუდჰი, რომელიც იტალიელებს ეძებდა, ზედაპირზე ამოსვლისას დეკომპრესიული დაავადებით მძიმედ გახდა და გარდაიცვალა. ამრიგად, ტრაგედიის მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 6-მდე გაიზარდა.
„ის მსოფლიოში საუკეთესო იყო...“ - ოჯახის ტკივილი და დაწყებული გამოძიება
დაღუპული მონიკას ქმარმა და ჯორჯიას მამამ, კარლო სომაკალმა განაცხადა, რომ მისი მეუღლე დედამიწაზე ერთ-ერთი საუკეთესო მყვინთავი იყო და შვილის სიცოცხლეს საფრთხეში არასდროს ჩააგდებდა: „იქ, სიღრმეში, რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდა. შესაძლოა, ტექნიკური გაუმართაობა იყო, თუმცა დარწმუნებული ვარ, მათ წესები არ დაურღვევიათ“.
მიუხედავად ამისა, რომის პროკურატურამ გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით გამოძიება უკვე დაიწყო. ირკვევა, რომ იახტას, საიდანაც ტურისტები წყალში დაეშვნენ, საერთოდ არ ჰქონდა 30 მეტრზე (100 ფუტი) სიღრმეში ჩასვლის ნებართვა.
ადგილობრივი ექსპერტები კი პირდაპირ ამბობენ, რომ ამ სიღრმეზე შეკუმშული ჰაერით დაშვება თვითმკვლელობის ტოლფასია და გაუგებარია, რატომ მისცეს ჯგუფს ამ ექსპედიციის უფლება.
მალე ყველა ცხედარს დედაქალაქ მალეში გადაასვენებენ, სადაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჩატარდება. გამომძიებლები კი მთავარ პასუხებს სწორედ წყალქვეშა კამერების ჩანაწერებიდან ელოდებიან.