თბილისის საქალაქო სასამართლომ მასწავლებელ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, მსჯავრდადებულებიდან დემეტრე ჩიქოვანს 9.9 წლით, ანი ნასყიდაშვილს კი 5,3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ მიიღო.
ჯინჯოლიას გადაწყვეტილებით ჩიქოვანს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მას სასჯელი 1/4-ით შეუმცირდა და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად, 9.9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ანი ნასყიდაშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, მასაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი 1/4-ით შემცირდა და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 5.3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
გადაწყვეტილების შემდეგ ანი ნასყიდაშვილის მამამ ლაშა ნასყიდაშვილმა სოციალურ ქსელში უხამსი კომენტარი დაწერა ეკა კუპატაძისა და მისი ოჯახის მისამართით:
"კუპატაძეების და ყველა მის სექტის წევრის დედას შევ**ი" - დაწერა ლაშა ნასყიდაშვილმა, რაზეც იქვე უპასუხა მოკლული მასწავლებლის დედამ ეკა კუპატაძემ: "რა ლექსიკონიც შენ გაქვს, ის აქვს შენს პატარა თავხედ გომბიოსაც. რაც მამა, ის შვილი.ჰო, მართლა "ვეფხიაუშგული" მომიკითხე!შენ რომ იცოდე, რა მიჭირავს ხელში, გაქრებოდი ამ სამყაროდან!".
ამის შემდეგ ლაშა ნასყიდაშვილმა შვილის გამართლება სცადა.
"მის (გიგა ავალიანის) მოკვლასთან რა შუაშია ჩემი შვილი? იმ ნაგავმა თავის კლასელმა მიწერა უნდა ვნახო ჩემი შეყვარებულის შემწუხებელიო, რა იცოდა ანიმ თუ შემოაკვდებოდა? ან რომ სთხოვენ რატომ არ გააგებინე მილიციასო, არ იცოდა არც სახელი არც როგორ გამოიყურებოდა…
იმ ნაგავმა საშკამ მიწერა და მის მერე არც უნახავს, რომ დააკავეს საშკა ეგეც კი არ იცოდა. ნია და ეგ საშკა რომ არ დადიოდნენ სკოლაში და რომ მოიკითხეს, ნიამ თქვა ჭიპი გავიხვრიტე და გამიღიზიანდაო, დავწერ დეტალებში ყველაფერს სრულად, ვიდეოს ჩავწერ. რომელს არ გაგიგიათ სკოლაში კლასელების ჩხუბის ამბავი? მილიციაში წასულხართ? არ იცით დეტალები და უსმენთ გაბოროტებულ კუპატაძეს. გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ჩემებს და აქამდე არ ვწერდი, რითაც სარგებლობდა ეკა. ვრცლად დავწერ ყველაფერს" - წერს ლაშა ნასყიდაშვილი.
ცნობისთვის, სასამართლომ დემეტრე ჩიქოვანი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ლ’’ ქვეპუნქტით , რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 13-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ანი ნასყიდაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამბები.ჯი